აბსურდის ფილოსოფია

კამიუს გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ იდეები, რომლებზეც შედარებით გააზრებული ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე ვფიქრობდი, არცისე ახალი და უცნობი იყო. მესიამოვნა, დროებით თავი რაღაც საერთო საზოგადოების ნაწილად ვიგრძენი და გულუბრყვილოდ გამიხარდა, რომ ამ იდეის ირგვლივ მაინც არ ვიყავი მარტო. მერე დავფიქრდი, რამდენად სასიამოვნოა საკუთარ მოსაზრებებს  სრულიად უცნობი ადამიანებისგან ისმენდე. ძალიან ღრმად მოსროლილი ეჭვების გაქარწყლებას ემსგავსება ყველაფერი. როცა მარტო აღარ ხარ, უფრო მარტივია იფიქრო, რომ არ ცდები.

კამიუს ხშირად ეგზისტენციალისტ მწერლად მოიხსენიებენ, თუმცა ჩემთვის განყენებულად აბსურდისტია. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები “უცხო” დანიელ დეფოს წანამძღვრებით იწყება:

„ერთი სახის ტყვეობის მეოხებით მეორენაირი ტყვეობის წარმოსახვა ისევე გონივრულია, როგორც რაიმე რეალურად არსებულის წარმოდგენა არარსებულის მეშვეობით.“

წიგნის მთავარი გმირი ფრანგი ჩინოვნიკი მერსოა, რომელიც ალჟირის გარეუბანში ცხოვრობს. ერთ დღესაც იგი მიიღებს ცნობას დედამისის გარდაცვალების შესახებ. ნაწარმოები იწყება ასე – დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ გუშინ. არ  ვარ დარწმუნებული.“  კამიუს „უცხო“ ამ ინდეფერენტულობის გამომხატველი ფრაზით იწყება. ავტორის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანი მთავარი პერსონაჟის, ძალიან ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭის მოსაზრებების განხილვის პარალელურად რიგ მნიშვნელოვან საკითხებს გადმოგვცემს.

maxresdefault

მერსოს დედა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე მერსომ თავისი ნებით მიაბარა მოხუცი თავშესაფარს, რადგან მცირეოდენი შემოსავალი დედის მოსავლელად არ ჰყოფნიდა. თვითონ იმასაც ამბობს, დედა ჩემთან თავს  თითქოს მარტოსულად გრძნობდაო.

დედის გარდაცვალების გაგების შემდეგ ორდღიანი შვებულება აიღო და  დაკრძალვაზე დასასწრებად გაემგზავრა.  თავშესაფარში მისული  დირექტორს გაესაუბრა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, დედის კუბოსთან ღამე გაეთენებინა, თუმცა მიცვალებულის დახედვისგან მკაცრად იკავებდა თავს. ღამე დარაჯთან ხანგრძლივ საუბარში, რძიანი ყავის სმასა და სიგარეტის მოწევაში გავიდა.  ჩაეძინა, გაღვიძებულმა კი დედამისის ცხედართან  შეკრებილი თავშესაფარში გაცნობილი მეგობრები ნახა. ეჭვმა შეიპყრო, ჩემს გასაკიცხად არიან მოსულიო.

მერსოს დედა მეორე დილითვე დაკრძალეს. ალჟირში დაბრუნდა, დიდხანს გამოიძინა და ზღვაზე გადაწყვიტა წასვლა, რა დროსაც შემთხვევით შეხვდა თავისი კანტორის ყოფილ მემანქანეს, მარი კარდონას. მარი იმ საღამოსვე მისი საყვარელი გახდა. მიუხედავად ამ ერთი შეხედვით ემოციური მომენტისა, მთელი შემდეგი დღე მერსომ ოთახის ფანჯარასთან გაატარა, უყურებდა გარეუბნის მთავარ ქუჩებს და ფიქრობდა, რომ მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა არსებითად.

ერთ დღესაც, როცა მერსო სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, შემთხვევით შეხვდა მეზობლებს – მოხუც სალამანოს თავისი ძაღლით და რაიონ სინტესს, მეკუჭნავეს, რომელსაც საზოგადოება სუტენერად მიიჩნევდა. სინტესმა სთხოვა, წერილი დაეწერა, შეხვედრაზე მოეწვია სინტესის არაბი საყვარელი, რომელმაც მას უღალატა, სინტესის ერთადერთი სურვილი ქალის ცემა, დასჯა იყო. ქალი მოვიდა. იჩხუბეს. მერსო ყველაფერს ხედავდა, თუმცა სკანდალური სცენების შემდეგ მოსულ პოლიციელებს სინტესის სასარგებლო ჩვენება მისცა.

გარკვეული დროის შემდეგ მერსოს ცხოვრებაში ისევ სიახლე გამოჩნა, სახლის პატრონმა პარიზში ახალი სამსახური შესთავაზა, თუმცა მერსოს ცხოვრების შეცვლა საერთოდაც არ აღელვებდა, სჯეროდა, რომ ამაზე ფიქრი უაზრობაა, რადგან ცხოვრებას ვერ შეცვლი. იმავე საღამოს მასთან მარი მივიდა, დაქორწინება შესთავაზა.

საღამოს მარი მოვიდა და მკითხა, მინდოდა თუ არა მისი ცოლად შერთვა. თუ შენ გინდა, შეგირთავ, ისე კი, ჩემთვის სულერთიამეთქი. მერე ეს მკითხა, გიყვარვარ თუ არაო. ადრე ნათქვამი მქონდა, რომ ნამდვილად არ მიყვარდა, ახლაც ასე ვუპასუხე და დავძინე, ეს არაფერს ნიშნავსმეთქი.

მაშინ არ უნდა შემირთო, – თქვა მარიმ.

ავუხსენი, რომ სიყვარულს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და თუ ძალიან უნდა ჩემი ცოლობა შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ. მეტი რა უნდა მეთქვა, მარი მთხოვდამე კი ვეთანხმებოდი. მაშინ თქვა, რომ ცოლქმრობა სერიოზული რამ არის.

არა, – ვუპასუხე მე.

ჩუმად შემომხედა. მერე ალაპარაკდა: აინტერესებდა, სხვა ქალთან რომ ასეთივე

ურთიერთობა მქონოდა და ხელის მოწერა შემოეთავაზებინა, რას ვიზამდი. ვუპასუხე:

რა თქმა უნდა, მასაც დავეთანხმებოდი.

ახლა მარიმ თავის თავს ჰკითხა, ვუყვარდი თუ არა, შეუძლებელი იყო ამის შესახებ რამე მცოდნოდა. ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ წაიბუტბუტა, საძაგელი ადამიანი ხარ და სწორედ ამიტომ მიყვარხარო. მერე დასძინა, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სწორედ ამის გამო შემძულდეო. სათქმელი არაფერი მქონდა და ვდუმდი.”

Continue reading

Advertisements

წარსულიდან

ადრე ერთ ბლოგერს ვიცნობდი. ცუდია, წარსულში რომ მიწევს საუბარი, თუმცა, თუ დროისთვის პირობითად მინიჭებულ სახელებს გამოვიყენებ, ჩვენი ურთიერთობა პირდაპირი გაგებით მხოლოდ წარსულში არსებობდა, მაგრამ მაინც, როცა ზედმეტად რომანტიკულ განწყობაზე ვარ, ვფიქრობ, ურთიერთობების რეალური დასასრული კონტაქტის გაწყვეტას არ ემთხვევა. მერე ვხვდები, რომ დასკვნები არარსებულ ურთიერთობებსაც კი აფუჭებს და მხოლოდ ემოციებზე ვკონცეტრირდები, დროებით ვიჯერებ, ბოლომდე ვერ გამოვიფიტე, ვერაფერი მომერია-თქო და გულუბრყვილოდ მიხარია.

ერთმანეთი ისეთ დროს გავიცანით, ორივეს პრობლემები რომ გვქონდა. ძირითადად ცხოვრების აბსურდულობაზე იწყებოდა ყველა საუბარი, შემდეგ სხვა ნაკლებად ფართომასშტაბიან თემებზე გადავდიოდით, შიგადაშიგ ვხუმრობდით. ბოლოს იქამდეც  მივედით, მოგვწონდა ასეთი მდგომარეობა. ახლა რომ ვფიქრობ, თავი სხვებზე აღმატებული გვეგონა, თითქოს რაღაც ისეთს ჩავწვდით, სხვები რომ ყურადღებას არ აქცევდნენ და ვერ ხვდებოდნენ. არადა ზოგჯერ ყველაფერი გაცილებით აუტანელი რომ ხდებოდა, ვოცნებობდით მოგონებებს შორის ამ აზრების სათავე გვეპოვა და როგორმე საფუძველი შეგვეცვალა.

თან ისეთი პერიოდი იყო,  რაც ხდებოდა ყველაფერს, მოვლენების საყოველაო აღქმიდან გამომდინარე, მხოლოდ კარგი თუ ეთქმოდა, არადა ინერციით ვსწავლობდით,  ადამიანებთან ძალდატანებით ვურთიერთობდით  და მხოლოდ წერა და ერთმანეთთან საუბარი გვეჩვენებოდა არასავალდებულოდ.

ახლა რომ ვიხსენებ, ისიც არ მახსოვს, ზუსტად როგორ დავიწყეთ კონტაქტი. უფრო სწორედ, პირველი საუბარი მახსოვს, მაგრამ როგორ დავახლოვდით- არა. ორივეს ბლოგი გვქონდა. ის ანონიმურად წერდა. დიდი ხანი ვადევნებდი თვალს, წერის სტილი ძალიან მომწონდა, მითუმეტეს მაშინ. ჩემს ბლოგს ვერ ვიტანდი, რადგან ბოლომდე გულწრფელ ნაწერებს ვერ ვაქვეყნებდი, ამიტომ მისი გაბედულება ძალიან მომწონდა. ინფორმაციის მოპოვების და გამოძიების შესაძლებლობაზე მაშინაც ვგიჟდებოდი. ათასი დეტალის გათვალისწინებით და საგამოძიებო უნარების ჩართვის შედეგად, ორ დღეში საკონტაქტო მეილიც გავიგე, სახელიც, გვარიც და კიდევ ბევრი დეტალი. თან მეშინოდა, ანონომური ბლოგის იდეა შეურაცხვყავი და გაღიზიანებას გამოვიწვევ-თქო.

გამბედაობა მაინც მოვიკრიბე და მივწერე. ვრცელი წერილი იყო, გულწრფელი და ისეთი, წლების მერე წაკითხვისასაც, ემოციებს რომ იწვევს და თან გაოცებას, როგორ შევძელი ასე მიმეწერა უცნობისთვის და დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ყველაფერს გაიგებდა.

მერე იყო შეხვედრები, საათობით საუბარი ყველაფერზე, სიყვარულზეც კი, რომლისაც იმ დროს არცერთს გვჯეროდა, წარუმატებელ ურთიერთობებზეც, ოღონდ მიზეზებს არ ვუღრმავდებოდით, უბრალოდ ვყვებოდით. მაშინ პირველად მივხვდი, როგორი სასიამოვნოა რაღაცების გაზიარება, როცა იცი, რომ არავინ დაგისვამს კითხვას, რომელსაც აუცილებლად უნდა უპასუხო, არ იფიქრებენ, რომ რაღაცებს აზვიადებ, ან როგორ არ იღლები, დროს რაში ხარჯავ და მსგავსი უაზრობები.

მახსოვს, ერთხელ გაურკვეველ ადგილას ვიყავით, თბილისთან ახლოს. შემთხვევით აღმოაჩინა და სპეციალურად დაიმახსოვრა, ერთადაც რომ წავსულიყავით. ძალიან განსხვავებული იყო ყველაფერი. რომ მკითხონ, რომელ დღეებს იცხოვრებდი ახლიდანო, ერთ-ერთი პირველი ალბათ ყოველთვის ეს დღე გამახსენდება. სასწაული ხედი იყო, სიჩუმე, სიმშვიდე. მობილურები და საათები ჩანთებში გვეწყო და გვეგონა, დრო გავაჩერეთ, ყველაფერს ვაკონტროლებთო.

სახლებში რომ ვბრუნდებოდით, მითხრა, ვიცი, ოდესმე წიგნს დაწერ და ძალიან მინდა, ამ დღეზეც დაწეროო. არამგონია, მაგრამ აუცილებლად, ოღონდ შენც დამპირდი იგივეს-თქო. ძალიან ცივი ნათქვამი იყო, არც იმისი მჯეროდა, რომ ოდესმე მე დავწერდი წიგნს და არც -ის. მისი წერის სტილი ყოველთვის ძალიან მომწონდა, უბრალოდ არ ვფიქრობდი, მსგავსი სურვილი თუ გაუჩნდებოდა.

ამ მომენტის შემდეგ წლები გავიდა. წლები გავიდა მას შემდეგაც, რაც აღარანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. რომ მკითხოთ, რატომო, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ალბათ მთავარი პრობლემა ის იყო, ამდენი წარუმატებელი ამბების მოსმენის ან გამოვლის შემდეგ, ორივეს გვეგონა, რომ ერთმანეთის მიმართ ზრუნვა, მხოლოდ იმითი იყო გამოწვეული, როგორმე დაგვემტკიცებინა, რომ სხვებზე უკეთესები ვიყავით, ერთმანეთისთვის დაგვენახებინა, რომ ჩვენში კი არა, სხვებში იყო პრობლემა და ამიტომ არ გამოდიოდა რაღაცები.

ცოტა ხნის წინ შემთხვევით ერთ-ერთ კაფეში მის მეგობარს შევხვდი. ისიც მარტო იყო და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. წიგნი დაწერა. მალე გამოაქვეყნებსო. არაფერი მითქვამს, მაგრამ ძალიან ავფორიაქდი. სახლში მისულმა ძალა მოვიკრიბე და მივწერე, იქნებ წიგნი გამომიგზავნო, არავის ვაჩვენებ, უბრალოდ გამოქვეყნებამდე მინდა წავიკითხო-თქო. მაშინვე გამომიგზავნა და ამოვბეჭდე. ისტერიულად ვფურცლავდი. იმ დღის შესახებ ვერაფერს მივაგენი. ალბათ დაავიწყდა-თქო და გული დამწყდა, მაგრამ კითხვა მაინც დავიწყე. 143-ე გვერდზე რომ მივედი, ხელები ამიკანკალდა, 3-4 გვერდი იყო, მაგრამ ყველაფერი ეწერა, ყველა ემოცია.

ათასჯერ წავიკითხე. ჩემი წიგნის ელექტრონული ვერსია მის მეგობარს გავუგზვანე, თან მივწერე, მიხვდები, რაც უნდა ქნა-თქო. ლეპტოპი დავხურე, გულაღმა დავწექი. სუნთქვა მიჭირდა. მერე ავდექი, ახალ დღიურში დაწერილი ერთადერთი ფრაზა, “ზოგჯერ მგონია, ყველაფერი უაზრობაა”, გადავხაზე და მშვიდად დავიძინე.

 

 

 

 

 

 

 

 

Stranger in the night

შევეჩვიე, რომ ახალი წლის განწყობა თავისთავად არ მოდის. განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რომ ყველაფერში მხოლოდ კარგი დეტალები დაინახო, ცუდზე არ იფიქრო და დროებით მაინც იგრძნო, რომ წელიწადში ერთი დღით სრულად თავისუფალი ხარ, ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია. არადა ახალ წელთან დაკავშირებით ჩემი იმედგაცრუებები მაშინ დაიწყო, ექვსი წლის სანამ გავხდებოდი ახალი წელი ადამიანი რომ მეგონა და გული მწყდებოდა ჩემს სახლში რომ არ მოდიოდა. მერე იყო აუსრულებელი ოცნებები, რომლებსაც  ყოველ წელს ჭიქა შამპანურთან ერთად ჯიუტად ვიფიქრებდი და ახალი წლის ჯადოსნურობის მჯეროდა. წელს საბოლოოდ მივხვდი, რომ, სამწუხაროდ, უკვე საკმარისად გავიზარდე და დარწმუნებული ვარ ახალი წლის დღეც, სხვა დღეების მსგავსად, შენ თვითონ უნდა შექმნა.

მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ გამეტარებინა საღამო, ისე, რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტი მინიმუმამდე დამეყვანა და ახალ წელს ახალი რაღაცები “დამემუღამებინა.” ვერაფერი მოვიფიქრე და ბანალურად ჯერ სამზარეულოში ვცადე კერძების მომზადება, მერე რომ მომბეზრდა, ტრადიციულად “ჰარი პოტერს” ვუყურე და ის-ის იყო დაძინებას, ან რამის დაწერას ვაპირებდი წინასწარ მომზადებულ ხელუხლებელ ერთ შეკვრა სიგარეტთან ერთად, რომ მივხვდი, რა იყო ისეთი, რაც ახალი წლის ღამეს არასდროს გამიკეთებია  და რასაც დამოუკიდებლადაც მოვახერხებდი. სწრაფად ჩავიცვი, ფუმფულა კაშნე შემოვიხვიე (ჩემს წარმოდგენებში ახალ წლის ღამეს გარეთ ყოველთვის განსაკუთრებულად ცივა) და სასეირნოდ გავედი.

თავიდან ცოტა ხნით ჩემს საყვარელ პარკში განცალკევებულ დიდ სკამზე ჩამოვჯექი. ეს პარკი გზას უყურებს. ყოველთვის ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა, განსაკუთრებით გვიან საღამოს ან ღამით, როცა ირგვლივ თითქმის არავინაა და შეგიძლია მშვიდად უყურო მანქანებს, ხეების მოძრაობას და სხვა უმნიშვნელო დეტალებს დააკვირდე, თან გსიამოვნებს, შენს “ნაჭუჭში” რომ ხარ და შორიდან უყურებ სხვა ადამიანების მოძრაობას, როგორ იცვლება მათი წამები, ისე რომ  შენ დროს აჩერებ, ყველაფრის მიღმა ხარ, არსად გეჩქარება და შეგიძლია დაუსრულებლად უყურო, იფიქრო.

ესეც რომ მომბეზრდა, გაურკვეველი მიმართულებით გასეირნება გადავწყვიტე. ტელეფონი და ყურსასმენები არ წამიღია. იმდენად მარტივად იცვლება ხოლმე ჩემი განწყობა სხვადასხვა მუსიკის მოსმენისას, რომ ფიქრი და ყურსასმენებთან ერთად სეირნობა არასდროს გამომდის.  რაზე ვფიქრობდი ან რას ვეძებდი არ ვიცი. უფრო ინერციით ვმოძრაობდი და ათასი აზრიც  ჩემთვის გაურკვეველი მიმდევრობით ენაცვლებოდა ერთმანეთს. დაახლოებით კილომეტრი მექნებოდა გავლილი, გზაჯვარედინის ერთ-ერთ მხარეს პარკისკენ მიმავალი ბიჭი რომ შევნიშნე. სახე არ დამინახავს, თუმცა რატომღაც ასე გადავწყვიტე. ხელში ბოთლი ეჭირა, სავარაუდოდ, არყის და ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა. ჩემი ორიენტაციის უნარს ვენდე და ვიფიქრე, იქვე მდებარე მიტოვებულ პარკში აპირებდა წასვლას.

რამ მაიძულა უკან გაყოლა, ან რატომ არ შემეშინდა, მანიაკი ვგონებოდი, არ ვიცი. იმდენად მაინტერესებდა, რამ გადააწყვეტინა ახალი წლის პარკში, სრულიად მარტო, არყის ბოთლთან ერთად გატარება, სხვა ყველაფერი დამავიწყდა. ისიც ვიფიქრე, იქნებ იქ ვიღაცები ელოდებიან და მეც რომ მივიდე ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდები-მეთქი, თუმცა რატომღაც ჩავთვალე, რომ მეგობრებთან სიხარულით მიმავალ ადამიანს არ ჰგავდა.

პარკი ახლოს იყო, ათი წუთის სავალზე. ისე მივყვებოდი უკან, რომ არაფერი ეეჭვა და არ შეშინებოდა. პარკში რომ შევიდა, მაშინაც შორიდან დავიწყე ყურება. ოდნავ ამაღლებულ ადგილას ავედი და ჩემი მოუხერხებლობაც დავივიწყე. იქედან ვუყურებდი. მარტო დაჯდა, წიგნი და სანათი ამოიღო, მერე სიგარეტს მოუკიდა და კითხვა დაიწყო, პერიოდულად ბოთლიდან არაყს სვამდა. ახლა უკვე კარგად ვარჩევდი, რომ ნამდვილად არყის ბოთლი იყო.

ან ახლა ან არასდროს-თქო ვიფიქრე, მომავალი საინტერესო ისტორიის მოსმენის სურვილმა ყველაფერს სძლია და პარკში შევედი, მოპირდაპირე სკამზე ჩამოვჯექი, არ ვინძრეოდი. ჯანდაბა, ტელეფონიც არ მქონდა, რომ უაზროდ მივჩერებოდი ეკრანს. ეს პარკი არც გზასთან იყო ახლოს, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ვიჯექი და ამ ბიჭს ვუყურებდი. ისე იყო გართული, ჩემი მისვლა არც კი შეუმჩნევია. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ყველანაირი გამბედაობა მოვიკრიბე და პირდაპირ მის სკამს მივუახლოვდი.

–  გამარჯობა. – გამიკვირდა, არ შეეშინდა. დაახლოებით ორი-სამი წამის შემდეგ წიგნიდან თავი აწია და მითხრა – გამარჯობა.

– ახალ წელს გილოცავთ. – სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

– თქვენც გილოცავთ.  – როგორ ველოდი, რომ რამეს მაინც მკითხავდა.

-რას კითხულობთ?

– დოსტოევსკის “თეთრი ღამეები”.

-არც ისე კარგი არჩევანია ახალი წლისთვის. – სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ძალიან დაძაბული ვიყავი. რაც შეიძლება მეტი რამ მინდოდა გამეგო მასზე, მაგრამ პირდაპირ ვერ ვკითხავდი. ჩემი გაუბედავობაც მაღიზიანებდა.

-რატომ? – ხმაზე შეეტყო, რომ გულწრფელად გაუკვირდა.

-არ ვიცი, არ მგონია დოსტოევსკი საახალწლო განწყობის შექმნაში დაგეხმაროთ.

-რას უწოდებთ საახალწლო განწყობას? –  ჩამჭრელი კითხვა დამისვა.

-არ ვიცი, მცდელობას, რომ სამყაროში ერთი დღით მაინც მხოლოდ კარგი რაღაცები დავინახოთ, თავისუფლება ვიგრძნოთ, მომავლის იმედი გაგვიჩნდეს, ახალი ცხოვრების დაწყების იმედი.

-მართლა გჯერათ, რომ ერთი დღისთვის ამხელა მნიშვნელობის მინიჭება აბსურდული არ არის? – არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ისეთი რამ მკითხა, მეც რომ ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს და პასუხის გაცემა არასდროს მინდოდა.

-შეიძლება არის, მაგრამ სასიამოვნოა, დროებით რომ სხვანაირად გგონია.

-ჰო, ტყუილების დაჯერება სასიამოვნოა ხოლმე.

-თუ იცი, რომ ტყუილია, მაგრამ დროებით არ აქცევ ამ ფაქტს ყურადღებას, ეგ უკვე ჭეშმარიტი გაგებით ტყუილი აღარ არის.  –  მკაცრად ვუთხარი. გაეცინა, უფრო სწორედ გამაღიზიანებლად დამცინავი ხმა გამოსცა.

-დამცინით?

-ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, დროა შენობითზე გადავიდეთ. შენ არ დაგცინი.

-აბა?

-საკუთარ თავს, ყველაფერ იმას, რაც ჩვენ ირგვლივაა.

-დავიჯერო, შენ არაფერი გააკეთე, ახალი წლის განწყობის შესაქმნელად?

-კი და იმ მარაზმთან ჩემს თავს რომ ვეღარ ვაიგივებდი, ამიტომ წამოვედი მყუდრო და ხელუხლებელ ადგილას.

-რა გააკეთე?

-გინდა გაჩვენო?

-სად? როგორ? – ძალიან დავიბენი.

-ჩემთან სახლში.

-კარგი. – რას ვფიქრობდი არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ვენდობოდი. მანიაკი ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი არაა-თქო, ეგრევე გამოვრიცხე. სხვა მხრივ არაფერი იყო დასაკარგი, ბოლო-ბოლო ჩემს თავს დამოუკიდებელ და ძლიერ ადამიანად ვასაღებდი და მტკიცედ მჯეროდა, რომ ასეთებს სხვების და, ზოგადად, ახალი რაღაცების არ ეშინიათ.

-ჩემს სახლამდე ბევრია სასიარულო.

-დრო ძალიან ბევრი მაქვს. ჩემი დრო სრულად მე მეკუთვნის.

-ჰაჰ, დოსტოევსკის ციტირებ?

-ჰო, ბავშვობიდან გამომყვა რაღაც ფრაზები.

-ახლაც მოგწონს ეგ ავტორი?

-გააჩნია რა მხრივ. ახლაც მგონია, რომ ადამიანის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით კარგი მასალაა თითოეული ნაწარმოები, მაგრამ ბევრ საკითხში დოსტოევსკის და მე იდეოლოგიური აცდენა გვაქვს, ამიტომ ზოგჯერ ვღიზიანდები ეს ასპექტები ზოგი პერსონაჟის სახეზეც რომ ახდენს გავლენას.

-როგორი ფრაზებია, ასპექტები, იდეოლოგიური აცდენა, ფილოსოფოსობა გყვარებია.

-არა, უბრალოდ ზოგჯერ წინადადებებს ვართულებ. მგონია, რომ სხვანაირად აზრებს ვერ გადმოვცემ.

-ყველაფერი გასაგებია.

-“თეთრი ღამეები” მოგწონს?

-რავიცი, საინტერესოა, თუმცა მგონია, რომ სიყვარული ცოტა გაზვიადებულია.

-შენ ალბათ სიყვარულის არც გჯერა.

Continue reading

რემბრანდტი – „ნაღვლიანი გენია“, რომლის მასწავლებელიც ცხოვრება იყო

რემბრანდტ ვან რეინის, ბაროკოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, შემოქმედებას მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიის მრავალრიცხოვან მხატვართა ნამუშევრებს შორის  უდავოდ პირველი ადგილი ეკუთვნის.    რემბრანდტი საოცარი უბრალოებითა და ადამიანურობით ცდილობს მნახველისათვის გასაგები გახადოს ადამიანის შინაგანი სამყარო, მისი ხასიათის სირთულე, განცდათა მრავალფეროვნება. „… რემბრანდტი ნამდვილი სასწაულია… იგი დგას იმ სიმაღლეებზე, საიდანაც დაჰყურებენ მწვერვალებს, რასებსა და ქვეყნებს.” – ასე აღწერდა რემბრანდტის გამორჩეულობასა და ოსტატობას ე. ვერჰანი.  ხოლო ლერომონტოვმა რემბრანდტს ნაღვლიანი გენია უწოდა.

მართალია,  რემბრანდტმა სამი წელიწადი დაჰყო ფერმწერ სვანენბურგის სახელოსნოში, ხოლო შემდეგ რამდენიმე თვე ამსტერდამელ  მხატვარ პიტერ ლასტმანთან გაატარა, თუმცა მისი მთავარი მასწავლებელი არც ერთი მხატვარი და შემოქმედი არ ყოფილა.   რემბრანდტი უფრო მეტს თავად  ცხოვრებისაგან სწავლობდა. მისთვის პრიორიტეტული იყო სიღრმისეულად ჩამსწვდარიყო ცხოვრებისეულ დეტალებს, ხოლო სხვა ისეთი ნიუანსები, როგორებიცაა შუქჩრდილები და ფერწერის ტექნიკის თავისებურებები, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ესეც გენიალურად გამოსდიოდა.

რემბრანდტი დაჟინებით აკვირდებოდა გარე სამყაროს, ადამიანებს, შეისწავლიდა მათ მიმიკას, სწავლობდა განათების ეფექტებს, ხატავდა  ჟანრულ და რელიგიურ სცენებს, ხატავდა უამრავ პორტრეტს. იგი ავტოპორტრეტების ხატვითაც ინტერესდებოდა. მის დაკვირვების  ობიექტს წარმოადგენდა ნებისმიერი ადამიანი , რადგან იგი ცდილობდა ყოველი ადამიანის მიღმა საინტერესო მხარე დაენახა და შემდგომ იგი საკუთარ შემოქმედებაში გამოეხატა.

რემბრანდტის მიერ დასახული ამოცანა არ ჰგავს ჰოლანდიის სხვა მხატვართა უმრავლესობის  მიზნებსა და სურვილებს.  რემბრანდტის ჩანაფიქრი გამორჩეულია სითამამითა და სიახლით, ორიგინალურობით, რაც დღესაც დიდ აღტაცებასა და განცვიფრებას იწვევს.  რემბრანდტი ოსტატურად ცდილობს თითოეული ადამიანის სახეს მიანიჭოს ზეტაგონებულობა. იგი ამ დიად მიზანს ხშირად სწირავს ხოლმე გარეგნულ წვრილმანებსა და დეკორაციულ ეფექტს. სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც განასხვავებს მას სხვა ჰოლანდიელი მხატვრებისაგან, რადგან  იმდროინდელ ნიდერლანდელ მხატვართა უმრავლესობის მთავარ საზრუნავს სწორედ გარეგანი წვრილმანების „ოსტატურად“ გამოსახვა და დეკორაციული ეფექტის შექმნა წარმოადგენდა. თუმცა რემბრანტს, მათ მსგავსად, შეეძლო ცოცხლად დაეხატა ადამიანის სახე, აღებეჭდა  ქსოვილთა რბილი ნაკეცები, გამოეხატა ლითონი ელვარება.

nightwatch2

რემბრანდტის მიერ გარეგნული წვრილმანებისა და დეკორაციული ეფექტის შეწირვის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ  მისი ნახატი „ღამის გუშაგნი“.  თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ეს დიდი სურათი უნდა ყოფილიყო მსროლელთა გილდიის წევრთა ჯგუფური პორტრეტი, თუმცა რემბრანტმა უარყო იმ დროს არსებული ხედვები,  უარი თქვა პერსონაჟთა თანაბარ განლაგებასა და ყველა მონაწილის ერთნაირად მშვიდად გამოსახვის პრინციპზე. ამის სანაცვლოდ, რემბრანტმა წარმოგვიდგინა უაღრესად დინამიკური სცენა, ასახა მომენტი, როცა განგაშის ნიშანზე მსროლელები სწრაფად და უწესრიგოდ გამორბიან მოედანზე და პარალელურად იარაღს ისწორებენ.  მსროლელთა ჯგუფ წინ მიუძღვის კაპიტანი ბანინგ კოკი და მისი თანაშემწე. მოძრაობის შთაბეჭდილებას განსაკუთრებით აძლიერებს ის, რომ მსროლელთა ჯგუფს დასთამაშებს სინათლის სხივი.  ამ და სხვა მიზეზების გამო, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ  რემბრანდტის ეს ნამუშევარი არ არის ჩვეულებრივი ჯგუფური პორტრეტი,  იგი ცხოვრებისეული დამაჯერებლობით სავსე სცენას გამოსახავს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ რემბრანტის, როგორც შემოქმედის მთავარ წყაროსა და მასწავლებელს  სწორედ ცხოვრება წარმოადგენდა.

maxresdefault

ჰოლანდიელ მხატვრებს ახასიათებდათ ტრადიციული ჯგუფური პორტრეტების  ხატვა, რამაც რემბრანდტის სურათში „დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი“  ახალი თვისება შეიძინა.  სურათის ნახვისას იგრძნობა ის, რომ დოქტორ ტულპის მსმენელებს ერთიანი გრძნობა აკავშირებთ. ისინი თითქოს საერთო ინტერესით ისმენენ ტულპის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას და გაკვეთილ გვამს წიგნის ნახატებს ადარებენ. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ეს სურათი ალბათ გულმოდგინედ მოფიქრებულია და, შესაბამისად, კომპოზიციურადაც ზუსტად არის გათვლილი, მნახველს რჩება შთაბეჭდილება, რომ მასზე გამოსახული სცენა მეტად ჩვეულებრივი, დამაჯერებელი და სრულიად ბუნებრივია.

Continue reading

„სიცოცხლით სავსე, ხალისით სავსე ადამიანებს ხატავდა იგი.“

სათაურად გამოყენებული ლაკონური, თუმცა ამავდროულად მრავლისმომცველი,ფრაზის ფრაგმენტი აღორძინების ხანის ნიდერლანდელი ფერმწერის იან ვან ეიკის  საფლავის ქვას ამშვენებს და მას დამატებით განსაკუთრებულობას ანიჭებს. სრული ფრაზა ასეთია:

„ სიცოცხლით სავსე,ხალისით სავსე

ადამიანებს ხატავდა იგი,

და მიწაც მისთვის იყო ყვავილთა,

ნაირ ყვავილთა ლამაზი წიგნი.“

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნების შესახებ საუბარი სწორედ ამ ფრაზით დავიწყე, რადგან ამ ეპიტაფიის  უცნობმა ავტორმა  შესანიშნავად  გაიგო არა მარტო კონკრეტული მხატვრის, იან ვან ეიკის ფერწერის ხასიათი, არამედ იგი ღრმად ჩასწვდა ადრეული ნიდერლანდური აღორძინების ხანის, მე-15 საუკუნის პირველი ნახევრის, მომხიბვლელობას და არსს.

ადრეული ნიდერლანდური აღორძინებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები შეგვიძლია ერთი მარტივი შედარებით გადმოვცეთ. ამისათვის პარალელი უნდა გავავლოთ ადამიანთან, რომელმაც ხანგრძლივი ძილის შემდეგ გამოიღვიძა, გაკვირვებულმა მიმოიხედა და გაოგნებული დარჩა დანახული მშვენიერებით.  ისევე, როგორც ეს ადამიანი, ისე ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნებაც, ყველაფერს წარმტაც საგნად აღიქვამს. ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნების მხატვრები ინტერესდებიან ფაქტობრივად ყველაფრით: ჩვეულებრივი საოჯახო ნივთებით, სახლებით, ქუჩებით და, რა თქმა უნდა, ადამიანებით. ისინი თითოეულ დეტალში ღრმა იდეას ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც.

ევროპის ჩრდილოეთში, ნიდერლანდში, ახალი ხელოვნების დაბადება არ მომხდარა ისე, როგორც  იტალიაში. ნიდერლანდს არ ჰქონდა ანტიკური წარსული. სწორედ ამიტომ, აღორძინება აქ უფრო მეტად დაუკავშირდა შუა საუკუნეების გუთურ ხელოვნებას. იტალიისაგან განსხვავებით, ნიდერლანდურ ხელოვნებაში ვერ შევხვდებით ფრესკებს, თუმცა  შუა საუკუნეების ნიდერლანდშიც  გავრცელებული იყო წიგნის მინიატურის ხელოვნება.  სწორედ ამ ტიპის ხელოვნების გამორჩეულობაზე მეტყველებს ის, რომ  ასე შესრულებული წიგნები ოქროს ფასად იყიდებოდა და ნამდვილ ძვირფასეულობას წარმოადგენდა.  ამისი მიზეზი ის იყო, რომ ხელნაწერთა ილუსტრაციები ვირტუოზული ოსტატობითა  და ბრწყინვალე საღებავებით სრულდებოდა.

ნიდერლანდური აღორძინების პირველმა ფერწერებმა სწორედ შუა საუკუნეების მინიატურის ოსტატებისაგან შეისწავლეს დეტალების სიზუსტით ასახვა და დამუშავება, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნების  ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. ნიდერლანდებმა პირველად დაიწყეს სწრაფვა გრუნტის სითეთრისაკენ, სურდათ უფრო ნათელი, მკაფიო და სრულყოფილი გაეხადათ იგი.

სპეციფიკური იყო ნიდერლანდების დამოკიდებულება საღებავების მიმართ. ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას. საღებავები უნდა ყოფილიყო ხასხასა და ფერით გაჯერებული.  სწორედ ეს გახდა იმისი მიზეზი, რომ ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნებამ ფაქტობრივად სრულყო ზეთის ფერწერა. ეს ტექნიკა შემდგომში მთლიანად ევროპაში გავრცელდა ფლანდრიული მანერის სახელწოდებით. გავრცელებული ვარაუდის თანახმად, ეს ტექნიკა ორმა ნიდერლანდმა ძმამ, ჰუბერტ და იან ვან ეიკებმა დანერგეს.

განსაკუთრებული გარღვევა ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნებაში დაკავშირებულია სახელგანთქმული გენტის საკურთხეველთან, რომელიც ძმები ვან-ეიკების მიერ არის შექმნილი.  ერთი შეხედვით, ამ საკურთხეველს თითქოს არაფერი ჰქონდა განმასხვავებელი შუა საუკუნეების ფერწერისაგან, თუმცა გენტის საკურთხევლის ფერწერაში უკვე აღარ იყო გამოყენებული ის პირობითობა და განყენებულობა, რაც ახასიათებდა შუა საუკუნეების ხელოვნების ნაწარმოებებს.  ფერწერაზე გამოსახულია მოციქულთა და წინასწარმეტყველთა პროცესიები, ღმერთის ფიგურა.

altarpiece

ფერწერაზე გამოსახული ბევრი სცენა პეიზაჟის ფონზეა წარმოდგენილი ან ჩვეულებრივი სახლის ინტერიერში, რაც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდის საყოფაცხოვრებო ასპექტისათვის.  ფერწერაზე გამოსახული თითოეული დეტალი სავსეა ე.წ. ცხოვრებისეული სიმართლით, მაქსიმალურად უახლოვდება სინამდვილეს და ხელოვნებაში ნაკლებად განსწავლულ მნახველსაც უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისიც ფერწერაზე გამოხატული პროცესიის მონაწილეა და რომ ხელოვნების ნიმუშზე ასახული სიტუაცია სრულებით არ არის  ჩვეულებრივი მოკვდავის ცნობიერების მიღმა დასარჩენად განწირული და რომ მასში არაფერია ისეთი, რასაც ადამიანის გონება შეიძლება  ვერ ჩასწვდეს.

 სწორედ ამავე მიზნით,  ძმები ვან ეიკები დიდი გულმოდგინებით ხატავენ ყოველ ფიგურას, ტანსაცმლის თითოეულ დეტალს, სამკაულს. სივრცე ვან ეიკების ნახატებში თითქოს შუქით სავსე, გამჭვირვალე ჰაერითაა სავსე.  მხატვრები ყველა ნაკლებად გამორჩეულსა და სხვებისათვის ნაკლებად საინტერესო დეტალებშიც კი ცდილობენ მშვენიერება იპოვონ. სწორედ  სამყაროთი აღფრთოვანების განცდამ და მისი გამოხატვის სურვილმა მიიყვანა ძმები ვან ეიკები განვითარებისა და ჩამოყალიბების იმ სტადიამდე, რომ მათ შეძლეს დაუფლებოდნენ იმ დროისათვის განსაკუთრებით საინტერესო ფერწერულ ტექნიკას.  ვან ეიკები არ გადმოსცემდნენ საგნების მხოლოდ ფერებს, ისინი ცდილობდნენ გამოეხატათ საგნის მიერ არეკლილი შუქიც, რაც დამატებით ელფერს სძენდა გარემოსა და სივრცეს.

მიუხედავად იმისა, რომ  დღეს საკმაო ინფორმაცია მოგვეპოვება ძმები ვან-ეიკების შემოქმედებისა და ზოგადად ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნების შესახებ, მეცნიერების შორის დღემდე სადავოა, საკურთხევლის რომელი სცენები დახატა თავად ჰუბერტმა და რომელი მისმა უმცროსმა ძმამ იანმა. როგორც ჩვენამდე მოღწეული ცნობებიდან ვიგებთ,  საკურთხეველზე მუშაობა დაიწყო ჰუბერტმა, შემდეგში კი, მისი გარდაცვალების შემდეგ, ხელოვნების ან ნიმუშზე მუშაობა გააგრძელა მისმა უმცროსმა ძმამ.  აგრეთვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შედარებით უფრო ნოვატორული ფერწერა იანს ეკუთვნის, რადგან იგი,  უფროსი ძმისაგან განსხვავებით, უფრო პროგრესულად მოაზროვნე მხატვრად ითვლება, რადგან  ჰუბერტი ჯერ კიდევ განიცდიდა გუთური ხელოვნების გავლენას. ხოლო მისი უმცროსი ძმა, იან ვან ეიკი საკუთარი მსოფლმხედველობისა და ხელოვნებისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ჭეშმარიტად აღორძინების ხანის ადამიანი და შემოქმედი იყო.

იან ვან-ეიკის გამორჩეულობაზე   მეტყველებს ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე კეთილის მიერ წარმოთქმული ფრაზა: „ცოდნასა და ხელოვნებაში ბადალი არ მოეპოვება ჩემს მსახურსა და მხატვარს იანს.“  იან ვან-ეიკი მისი კარის მხატვარი იყო.

იან ვან-ეიკის ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვების შედეგად, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  იგი დიდი მონდომებით ცდილობდა ჩასულიყო ადამიანების სულიერ სამყაროს სიღრმეებში. ხელოვნებისადმი ამგვარი მიდგომა ახალი იყო ჩრდილოეთ ევროპის ფერწერაში.   ალბათ  ბოლომდე სუბიექტური არც არის  ჩემი მოსაზრება, რომ იან ვან-ეიკის მხატვრობის ყველაზე გამორჩეული ნიმუში „ცოლ-ქმარ ჯოვანი და ჯოვანა არნოლფინების პორტრეტია“.

arnolfini-portrait

ეს პორტრეტი ერთი შეხედვისთანავე  ჰბადებს საოცარი სიმყუდროვისა და სიმშვიდის შეგრძნებას, თუმცა დეტალებზე  უფრო მეტად დაკვირვების შედეგად, მნახველი სხვა მნიშვნელოვან „აღმოჩენებსაც“ წააწყდება. ნახატზე ყველაფერი გამორჩეული ჩვეულებრივობითაა გადმოცემული. თითოეულ საგანში გარკვეული აზრია ჩაქსოვილი, ჩვენს ყურადღებას იქცევს ქმრისა და ცოლის სერიოზული სახეები. მათი სახის მსგავსი გამომეტყველება, ვფიქრობ, იმითი აიხსნება, რომ ცოლ-ქმარი სერიოზულობითა და პასუხისმგელობის ღმრა შერძნებითა და გააზრებით აღიქვამს მომავალს, რომელიც მათ საერთო ოჯახთანაა დაკავშირებული.

ოთახში მყოფი ფინია ერთგულების სიმბოლოა, ფეხსაცმელები, სავარაუდოდ, ოჯახურ სიმყუდროვეზე მიუთითებს.  ამავეზე მეტყველებს  ოთახის კედელზე არსებულის სარკეც, რომელიც ნახატის ცენტრში მდებაროებს. ეს სარკე ვან-ეიკის ოსტატობისა და მისი სამინიატურო ფერწერის შედევრად მიიჩნევა.   კონკრეტული დატვირთვის მატარებელია ჯოვანას მწვანე კაბაც.  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ფერი გაზაფხულსა და სიყვარულთან ასოცირდება.

ვან ეიკების ხელოვნების სრულყოფილებამ დიდი გავლენა იქონია მეთხუთმეტე საუკუნის ნიდერლანდი ოსტატების ფერწერის შესაძლებლობებსა და მათ მიერ რეალური სამყაროს აღქმის უნარზეც. მათგან ყველაზე მეტად გამოირჩევიან: როგირ ვან დერ ვეიდენი, დირიკ ბოუტსი, ჰუგო ვან დერ გუსი. ეს უკანასკნელი ყველაზე უკეთ მიუახლოვდა იტალიურ აღორძინებას. მან  ჩემ მეირ ჩამოთვლილ დანარჩენ ორ მხატვართან ერთად ნიდერლანდის მეთხუთმეტე საუკუნის ხელოვნებას მსოფლიოს ასპარეზზე მოუხვეჭა სახელი. მათ იტალიაშიც კი იწვევდნენ. იტალიური აღორძინების წარმომადგენლებსა და ნიდერლანდური რენესანსის წარმომადგენლებს შორის ცალმხრივი დამოკიდებულება ამ დროიდან ორმხრივი გახდა.  ჩრდილოეთის მხატვრებს იტალიაშიც იწვევდნენ და  მათგან ფერწერულ ოსტატობას სწავლობდნენ.

ნიდერლანდური აღორძინების ხანა სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლებითაც გამოირჩევა, რომლებსაც, ძმები ვან ეიკების მსგავსად, ინდივიდუალური  დეტალები ახასიათებდათ. მათი ნამუშევრების გაცნობის შემდეგ მნახველს შეუძლია ერთი მნიშვნელოვანი საერთო დასკვნა გააკეთოს – ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნება გამოირჩევა საკუთარი უბრალოებით, ხოლო უბრალოება და ამ უბრალოების მიღმა არსებული საინტერესო მხარე ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია ხელოვნებაშიც, ისევე, როგორც  ცალკეულ პიროვნებაშიც.

 

მაქს ერნსტის “ცალთვალდახუჭული” შემოქმედება

Landscape with Sun 1909

მაქს ერნსტი – “პეიზაჟი მზესთან ერთად”,1909

„დანახვა თვალის გახელასა და გარესამყაროს გულისხმობს. მეორე გზა არის, როდესაც თვალებს ხუჭავთ და თქვენს შიგნით სამყაროში იყურებით.  ვფიქრობ, საუკეთესო გზაა ცალი თვალის დახუჭვა და შინაგანი ხედვაა – ამ დროს მეორე გახელილი თვალი გარესამყაროს უნდა მიაპყროთ და ნახოთ, რა ხდება სამყაროში. თუკი მოახერხებთ და ამ ორი მნიშვნელოვანი სამყაროს მიმართ სინთეზურ დამოკიდებულებას შეიმუშავებთ, შედეგსაც მიაღწევთ. ეს ობიექტური და სუბიექტური  ცხოვრების სინთეზი იქნება.“  – ასე აღწერა თავისი შეხედულებები და დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ მაქს ერნსტმა. მართალია, მისი შემოქმედება, სალვადორ დალის ან სიურრეალიზმის სხვა წარმომადგენლების ნამუშევრების მსგავსად,  თანამედროვე საზოგადოებაში პოპულარული არ არის, თუმცა მაინც უდავოა ერნსტის წვლილი სიურრეალიზმის, როგორც ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში.

სიურრეალიზმის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა სწორედ იმ სინთეზის მიღწევა იყო, რომელზეც ერნსტი საუბრობს. მეოცე საუკუნეში ტექნოლოგიურმა პროგრესმა პიკს მიაღწია, ფართო მასების ინტერესის საგანიც შეიცვალა, ფერწერულ ხელოვნებაში გარკვეული ცვლილებების დრო დადგა. ამ დროს ემთხვევა ფოტოხელოვნების განვითარება, რამაც მხატვრების ამოცანა მნიშვნელოვნად შეცვალა. თუკი მანამდე ისინი საგნების მაქსიმალურად რეალისტურად გამოსახვას ცდილობდნენ, ახლა ფუნჯის ეს როლი ფოტოაპარატმა შეითავსა. მხატვრები იძულებული გახდნენ ყურადღება სხვა ასპექტებზე გაემახვილებინათ, რათა მათ შემოქმედებას საზოგადოებაში აქტუალობა არ დაეკარგა. მხატვრები უკვე  ისეთი დეტალების გამოსახვით ინტერესდებიან, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუ თავიანთ შინაგან სამყაროსა და ცნობიერს მაქსიმალურ თავისუფლებას მიანიჭებდნენ. სწორედ ამიტომ, თანამედროვეები ხშირად პარალელს ავლებენ  სიურრეალიზმის მიმდინარეობასა და ზიგმუნდ ფროიდის მოსაზრებებს შორის.

ერნსტი ასევე წერს: „მახსოვს ერთელ ჩემს ოთახში ხის იატაკს ვუყურებდი. ხის ფიცრების ყურებისას მზერა კიდევ უფრო დავძაბე და ამ ქმედებამ ჩამითრია. თითოეულ მათგანზე ათასობით ღრმული იყო. გადავწყვიტე ამ აკვიატების საზრისს ჩავსწვდომოდი და ამისათვის ჩემი მედიტაციური და ჰალუცინატორული უნარები გამომეყენებინა. ასე დავამზადე ნახატების სერა. ხის ფიცარზე ფურცლებს ვდებდი, რომელსაც შავი ფანქრით ვაფერადებდი. ვუყურებდი ნახატს და, ჩემდა გასაოცრად, თვალწინ წინააღმდეგობრივი  გამომსახველების ჰალუცინაციური მიმდევრობა გადამეშალა, სადაც ერთი გამოსახულება მეორეს ფარავდა.“

როგორც ჩვენთვის ცნობილია,  მაქს ერნსტი ხშირად დადიოდა ხოლმე სხვადასხვა შემოქმედის  ნამუშევართა გამოფენაზე.  მხატვრებიდან ყველაზე მეტად ვან გოგი და მისი შემოქმედება  ჰხიბლავდა, რაც მკაფიოდ იგრძნობა მის ნამუშევრებში, განსაკუთრებით კი  მის ადრინდელ შემოქმედებაში. ერთ–ერთი ასეთი ნამუშევარია „პეიზაჟი მზესთან ერთად“, სადაც ერნსტის სტილი ძალიან ემსგავსება ვან გოგის  ხელწერას.

hydrometric-demonstration-1920

მაქს ერნსტის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია „ჰიდრომეტრიული დემონსტრაცია მკვლელობისა მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.“ ამ ნახატში ავტორი სრულ თავისუფლებას აძლევს ფანტაზიას, მის შინაგან სამყაროს და ცდილობს ჩაუღრმავდეს სიკვდილის არსს.

ეს ნამუშევარი ნათლად ასახავს, რომ, მართალია, მაქს ერნსტის შემოქმედებაში ხელოვნების სხვა მიმდინარეობების წარმომადგენლების, მათ შორის ვან გოგისა და ექსპრესიონიზმის წარმომადგენლების, გავლენა იგრძნობა, თუმცა, სწორედ ამ დეტალებით მან შექმნა ახალი ხედვა სიურრეალიზმში, შექმნა სამყარო, რომელიც ადამიანს უყურებს, როგორც ამოუწურავ მასალას, შთაგონების წყაროს.

 

 

ქაოსი

ხშირად ვფიქრობ, რომ არ ვწერდე, ალბათ ჩემს ცხოვრებაში იმაზე დიდი ქაოსი იქნებოდა, ვიდრე ახლა. ძალიან მარტივი იყო ადრე – სიტყვები ყოველთვის თავისთავად ებმოდა ერთმანეთს და, ვერც კი ვხვდებოდი, ისე ვფურცლავდი დღიურის ახალ-ახალ გვერდებს. დღევანდლისგან განსხვავებით, არასდროს გამჭირვებია წერა, არადა ვერც იმას ვიხსენებ, ასე ოდესმე დამჭირვებოდეს საკუთარ თავში გარკვევა, ნაწერებში ასახული ფიქრების წაკითხვა, გააზრება და გადაწყვეტილების მიღება. სულ ვამბობდი, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ადამიანები ერთი ხელის მოსმით იღებენ ხოლმე და არც მათთან დაკავშირებული შედეგების ეშინიათ-თქო, მაგრამ, როგორც ჩანს, არასდროს მქონია რეალური წარმოდგენა, იმ დროს რა ხდება, როცა პოტენციურ გადაწყვეტილებებს შორის ვერც ერთს ვერ პოულობ არარადიკალურს და არც ის იცი, რომელი მათგანი გინდა, რომელი გჭირდება ყველაზე მეტად.

dxc

ხანდახან მგონია, რომ მარტო ვარ მსგავს სიტუაციაში. პრობლემებითა და ათასი უაზრობით დამძიმებულს უკვე ისიც მეჩვენება, რომ კაცობრიობის ისტორიაში არავის უგრძვნია თავი ასე, რომ არც ერთი ფილმი, წიგნი და ისტორია არ მახსენდება, ჩემს მდგომარეობას რომ შეესაბამებოდეს მიახლოებით მაინც. ყველაფერს რომანტიზმის გაურკვეველი შტრიხებით ვავსებ და უკვე ბაირონის ლექსებში გადმოცემულ მარტოობის შეგრძნებასაც დავცინი, ბარათაშვილისეულ მარტოობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ნელ-ნელა ვატყობ, როგორ მაკარგვინებს მსგავსი ფიქრები რეალობის სრულად აღქმის უნარს. მეჩვენება,რომ, რაც არ უნდა გავაკეთო, იმ წრეს ვერაფერს მოვუხერხებ, მოძრაობის მიმართულებასაც კი ვერ შევაცვლევინებ, სადაც მუდმივად ერთმანეთს ენაცვლებიან გამოუსადეგარი სიტყვები, უაზრო ურთიერთობები, უსაფუძვლო მოლოდინი და აბსურდული ჩანაფიქრები. პარალელურად დადებითი ემოციებიც მახსენდება, ზოგი ამ წრის ნაწილი, ზოგიც სადღაც ჯერ კიდევ შემორჩენილი სინამდვილის და საკუთარ თავზე ვბრაზდები. ვერა და ვერ გადავეჩვიე – ყველაზე ცუდი შედეგის მომტანი ამბების მიმართაც კი სენტიმენტალური ვხდები ხოლმე, ზოგჯერ მენატრება კიდეც.

მერე გაუჩერებლად ვფიქრობ და უშედეგოდ გადის საათებიც. ვერც იმას ვხვდები, როგორ ვახერხებ ასე ოსტატურად მოფიქრებული დეტალებით შევნიღბო მოძველებული ამბები, ისევ საინტერესო გავხადო. მხოლოდ მერე ვხვდები, რომ, მართალია, მათთან საკუთარ თავს ვეღარ ვაიგივებ, მაგრამ ვერც ბოლომდე ვიშორებ. არ შემიძლია. ალბათ არც მინდა. რაღაც მაკლია – არარსებული, მიუღწევადი,აუცილებელი. არადა ვერც ამ დანაკლისის შეგრძნებას ვიშორებ და ვერც რეალურ გზას ვხედავ.

ოთახში გავდივარ და საგულდაგულოდ დაწებებულ მოგონებების ყუთს ვხსნი , ახალ ნაწერებს ვამატებ, ძველ ნივთებს და დღიურებს მეათასედ ვათვალიერებ. კიდევ ერთხელ გონებაში გადავთვლი და ბავშვურად მიხარია, რომ ყველა იქ არის, ზუსტად ისეთი, როგორიც ბოლოს დავტოვე. შემთხვევით ძველ ნაწერსაც ვნახულობ, ათასჯერ გადაკეცილ ფურცელზე რომ მოჩანს მკრთალად – „… და ვიცი, რომ, სხვა თუ ყვეალფერი შეიცვლება, ეს მაინც დარჩება უცვლელი – ჩემი ოთახი, მბჟუტავი ნათურა და ფიქრი ჩემს ადგილზე ამ სამყაროში.“ მეღიმება. ფურცელს ყუთში ვაბრუნებ, ოთახიდან საოცარი სიმშვიდით გავდივარ და ისევ ვიჯერებ, რომ ვიდრე ეს ყუთი მთელ ჩემს სამყაროს დაიტევს, ვერც რეალური დანაკლისი იარსებებს.