მაქს ერნსტის “ცალთვალდახუჭული” შემოქმედება

Landscape with Sun 1909

მაქს ერნსტი – “პეიზაჟი მზესთან ერთად”,1909

„დანახვა თვალის გახელასა და გარესამყაროს გულისხმობს. მეორე გზა არის, როდესაც თვალებს ხუჭავთ და თქვენს შიგნით სამყაროში იყურებით.  ვფიქრობ, საუკეთესო გზაა ცალი თვალის დახუჭვა და შინაგანი ხედვაა – ამ დროს მეორე გახელილი თვალი გარესამყაროს უნდა მიაპყროთ და ნახოთ, რა ხდება სამყაროში. თუკი მოახერხებთ და ამ ორი მნიშვნელოვანი სამყაროს მიმართ სინთეზურ დამოკიდებულებას შეიმუშავებთ, შედეგსაც მიაღწევთ. ეს ობიექტური და სუბიექტური  ცხოვრების სინთეზი იქნება.“  – ასე აღწერა თავისი შეხედულებები და დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ მაქს ერნსტმა. მართალია, მისი შემოქმედება, სალვადორ დალის ან სიურრეალიზმის სხვა წარმომადგენლების ნამუშევრების მსგავსად,  თანამედროვე საზოგადოებაში პოპულარული არ არის, თუმცა მაინც უდავოა ერნსტის წვლილი სიურრეალიზმის, როგორც ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში.

სიურრეალიზმის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა სწორედ იმ სინთეზის მიღწევა იყო, რომელზეც ერნსტი საუბრობს. მეოცე საუკუნეში ტექნოლოგიურმა პროგრესმა პიკს მიაღწია, ფართო მასების ინტერესის საგანიც შეიცვალა, ფერწერულ ხელოვნებაში გარკვეული ცვლილებების დრო დადგა. ამ დროს ემთხვევა ფოტოხელოვნების განვითარება, რამაც მხატვრების ამოცანა მნიშვნელოვნად შეცვალა. თუკი მანამდე ისინი საგნების მაქსიმალურად რეალისტურად გამოსახვას ცდილობდნენ, ახლა ფუნჯის ეს როლი ფოტოაპარატმა შეითავსა. მხატვრები იძულებული გახდნენ ყურადღება სხვა ასპექტებზე გაემახვილებინათ, რათა მათ შემოქმედებას საზოგადოებაში აქტუალობა არ დაეკარგა. მხატვრები უკვე  ისეთი დეტალების გამოსახვით ინტერესდებიან, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუ თავიანთ შინაგან სამყაროსა და ცნობიერს მაქსიმალურ თავისუფლებას მიანიჭებდნენ. სწორედ ამიტომ, თანამედროვეები ხშირად პარალელს ავლებენ  სიურრეალიზმის მიმდინარეობასა და ზიგმუნდ ფროიდის მოსაზრებებს შორის.

ერნსტი ასევე წერს: „მახსოვს ერთელ ჩემს ოთახში ხის იატაკს ვუყურებდი. ხის ფიცრების ყურებისას მზერა კიდევ უფრო დავძაბე და ამ ქმედებამ ჩამითრია. თითოეულ მათგანზე ათასობით ღრმული იყო. გადავწყვიტე ამ აკვიატების საზრისს ჩავსწვდომოდი და ამისათვის ჩემი მედიტაციური და ჰალუცინატორული უნარები გამომეყენებინა. ასე დავამზადე ნახატების სერა. ხის ფიცარზე ფურცლებს ვდებდი, რომელსაც შავი ფანქრით ვაფერადებდი. ვუყურებდი ნახატს და, ჩემდა გასაოცრად, თვალწინ წინააღმდეგობრივი  გამომსახველების ჰალუცინაციური მიმდევრობა გადამეშალა, სადაც ერთი გამოსახულება მეორეს ფარავდა.“

როგორც ჩვენთვის ცნობილია,  მაქს ერნსტი ხშირად დადიოდა ხოლმე სხვადასხვა შემოქმედის  ნამუშევართა გამოფენაზე.  მხატვრებიდან ყველაზე მეტად ვან გოგი და მისი შემოქმედება  ჰხიბლავდა, რაც მკაფიოდ იგრძნობა მის ნამუშევრებში, განსაკუთრებით კი  მის ადრინდელ შემოქმედებაში. ერთ–ერთი ასეთი ნამუშევარია „პეიზაჟი მზესთან ერთად“, სადაც ერნსტის სტილი ძალიან ემსგავსება ვან გოგის  ხელწერას.

hydrometric-demonstration-1920

მაქს ერნსტის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია „ჰიდრომეტრიული დემონსტრაცია მკვლელობისა მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.“ ამ ნახატში ავტორი სრულ თავისუფლებას აძლევს ფანტაზიას, მის შინაგან სამყაროს და ცდილობს ჩაუღრმავდეს სიკვდილის არსს.

ეს ნამუშევარი ნათლად ასახავს, რომ, მართალია, მაქს ერნსტის შემოქმედებაში ხელოვნების სხვა მიმდინარეობების წარმომადგენლების, მათ შორის ვან გოგისა და ექსპრესიონიზმის წარმომადგენლების, გავლენა იგრძნობა, თუმცა, სწორედ ამ დეტალებით მან შექმნა ახალი ხედვა სიურრეალიზმში, შექმნა სამყარო, რომელიც ადამიანს უყურებს, როგორც ამოუწურავ მასალას, შთაგონების წყაროს.

 

 

დატოვე კომენტარი