Tag Archives: ნიდერლანდები

„სიცოცხლით სავსე, ხალისით სავსე ადამიანებს ხატავდა იგი.“

სათაურად გამოყენებული ლაკონური, თუმცა ამავდროულად მრავლისმომცველი,ფრაზის ფრაგმენტი აღორძინების ხანის ნიდერლანდელი ფერმწერის იან ვან ეიკის  საფლავის ქვას ამშვენებს და მას დამატებით განსაკუთრებულობას ანიჭებს. სრული ფრაზა ასეთია:

„ სიცოცხლით სავსე,ხალისით სავსე

ადამიანებს ხატავდა იგი,

და მიწაც მისთვის იყო ყვავილთა,

ნაირ ყვავილთა ლამაზი წიგნი.“

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნების შესახებ საუბარი სწორედ ამ ფრაზით დავიწყე, რადგან ამ ეპიტაფიის  უცნობმა ავტორმა  შესანიშნავად  გაიგო არა მარტო კონკრეტული მხატვრის, იან ვან ეიკის ფერწერის ხასიათი, არამედ იგი ღრმად ჩასწვდა ადრეული ნიდერლანდური აღორძინების ხანის, მე-15 საუკუნის პირველი ნახევრის, მომხიბვლელობას და არსს.

ადრეული ნიდერლანდური აღორძინებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები შეგვიძლია ერთი მარტივი შედარებით გადმოვცეთ. ამისათვის პარალელი უნდა გავავლოთ ადამიანთან, რომელმაც ხანგრძლივი ძილის შემდეგ გამოიღვიძა, გაკვირვებულმა მიმოიხედა და გაოგნებული დარჩა დანახული მშვენიერებით.  ისევე, როგორც ეს ადამიანი, ისე ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნებაც, ყველაფერს წარმტაც საგნად აღიქვამს. ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნების მხატვრები ინტერესდებიან ფაქტობრივად ყველაფრით: ჩვეულებრივი საოჯახო ნივთებით, სახლებით, ქუჩებით და, რა თქმა უნდა, ადამიანებით. ისინი თითოეულ დეტალში ღრმა იდეას ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც.

ევროპის ჩრდილოეთში, ნიდერლანდში, ახალი ხელოვნების დაბადება არ მომხდარა ისე, როგორც  იტალიაში. ნიდერლანდს არ ჰქონდა ანტიკური წარსული. სწორედ ამიტომ, აღორძინება აქ უფრო მეტად დაუკავშირდა შუა საუკუნეების გუთურ ხელოვნებას. იტალიისაგან განსხვავებით, ნიდერლანდურ ხელოვნებაში ვერ შევხვდებით ფრესკებს, თუმცა  შუა საუკუნეების ნიდერლანდშიც  გავრცელებული იყო წიგნის მინიატურის ხელოვნება.  სწორედ ამ ტიპის ხელოვნების გამორჩეულობაზე მეტყველებს ის, რომ  ასე შესრულებული წიგნები ოქროს ფასად იყიდებოდა და ნამდვილ ძვირფასეულობას წარმოადგენდა.  ამისი მიზეზი ის იყო, რომ ხელნაწერთა ილუსტრაციები ვირტუოზული ოსტატობითა  და ბრწყინვალე საღებავებით სრულდებოდა.

ნიდერლანდური აღორძინების პირველმა ფერწერებმა სწორედ შუა საუკუნეების მინიატურის ოსტატებისაგან შეისწავლეს დეტალების სიზუსტით ასახვა და დამუშავება, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნების  ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. ნიდერლანდებმა პირველად დაიწყეს სწრაფვა გრუნტის სითეთრისაკენ, სურდათ უფრო ნათელი, მკაფიო და სრულყოფილი გაეხადათ იგი.

სპეციფიკური იყო ნიდერლანდების დამოკიდებულება საღებავების მიმართ. ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას. საღებავები უნდა ყოფილიყო ხასხასა და ფერით გაჯერებული.  სწორედ ეს გახდა იმისი მიზეზი, რომ ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნებამ ფაქტობრივად სრულყო ზეთის ფერწერა. ეს ტექნიკა შემდგომში მთლიანად ევროპაში გავრცელდა ფლანდრიული მანერის სახელწოდებით. გავრცელებული ვარაუდის თანახმად, ეს ტექნიკა ორმა ნიდერლანდმა ძმამ, ჰუბერტ და იან ვან ეიკებმა დანერგეს.

განსაკუთრებული გარღვევა ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნებაში დაკავშირებულია სახელგანთქმული გენტის საკურთხეველთან, რომელიც ძმები ვან-ეიკების მიერ არის შექმნილი.  ერთი შეხედვით, ამ საკურთხეველს თითქოს არაფერი ჰქონდა განმასხვავებელი შუა საუკუნეების ფერწერისაგან, თუმცა გენტის საკურთხევლის ფერწერაში უკვე აღარ იყო გამოყენებული ის პირობითობა და განყენებულობა, რაც ახასიათებდა შუა საუკუნეების ხელოვნების ნაწარმოებებს.  ფერწერაზე გამოსახულია მოციქულთა და წინასწარმეტყველთა პროცესიები, ღმერთის ფიგურა.

altarpiece

ფერწერაზე გამოსახული ბევრი სცენა პეიზაჟის ფონზეა წარმოდგენილი ან ჩვეულებრივი სახლის ინტერიერში, რაც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდის საყოფაცხოვრებო ასპექტისათვის.  ფერწერაზე გამოსახული თითოეული დეტალი სავსეა ე.წ. ცხოვრებისეული სიმართლით, მაქსიმალურად უახლოვდება სინამდვილეს და ხელოვნებაში ნაკლებად განსწავლულ მნახველსაც უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისიც ფერწერაზე გამოხატული პროცესიის მონაწილეა და რომ ხელოვნების ნიმუშზე ასახული სიტუაცია სრულებით არ არის  ჩვეულებრივი მოკვდავის ცნობიერების მიღმა დასარჩენად განწირული და რომ მასში არაფერია ისეთი, რასაც ადამიანის გონება შეიძლება  ვერ ჩასწვდეს.

 სწორედ ამავე მიზნით,  ძმები ვან ეიკები დიდი გულმოდგინებით ხატავენ ყოველ ფიგურას, ტანსაცმლის თითოეულ დეტალს, სამკაულს. სივრცე ვან ეიკების ნახატებში თითქოს შუქით სავსე, გამჭვირვალე ჰაერითაა სავსე.  მხატვრები ყველა ნაკლებად გამორჩეულსა და სხვებისათვის ნაკლებად საინტერესო დეტალებშიც კი ცდილობენ მშვენიერება იპოვონ. სწორედ  სამყაროთი აღფრთოვანების განცდამ და მისი გამოხატვის სურვილმა მიიყვანა ძმები ვან ეიკები განვითარებისა და ჩამოყალიბების იმ სტადიამდე, რომ მათ შეძლეს დაუფლებოდნენ იმ დროისათვის განსაკუთრებით საინტერესო ფერწერულ ტექნიკას.  ვან ეიკები არ გადმოსცემდნენ საგნების მხოლოდ ფერებს, ისინი ცდილობდნენ გამოეხატათ საგნის მიერ არეკლილი შუქიც, რაც დამატებით ელფერს სძენდა გარემოსა და სივრცეს.

მიუხედავად იმისა, რომ  დღეს საკმაო ინფორმაცია მოგვეპოვება ძმები ვან-ეიკების შემოქმედებისა და ზოგადად ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნების შესახებ, მეცნიერების შორის დღემდე სადავოა, საკურთხევლის რომელი სცენები დახატა თავად ჰუბერტმა და რომელი მისმა უმცროსმა ძმამ იანმა. როგორც ჩვენამდე მოღწეული ცნობებიდან ვიგებთ,  საკურთხეველზე მუშაობა დაიწყო ჰუბერტმა, შემდეგში კი, მისი გარდაცვალების შემდეგ, ხელოვნების ან ნიმუშზე მუშაობა გააგრძელა მისმა უმცროსმა ძმამ.  აგრეთვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შედარებით უფრო ნოვატორული ფერწერა იანს ეკუთვნის, რადგან იგი,  უფროსი ძმისაგან განსხვავებით, უფრო პროგრესულად მოაზროვნე მხატვრად ითვლება, რადგან  ჰუბერტი ჯერ კიდევ განიცდიდა გუთური ხელოვნების გავლენას. ხოლო მისი უმცროსი ძმა, იან ვან ეიკი საკუთარი მსოფლმხედველობისა და ხელოვნებისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ჭეშმარიტად აღორძინების ხანის ადამიანი და შემოქმედი იყო.

იან ვან-ეიკის გამორჩეულობაზე   მეტყველებს ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე კეთილის მიერ წარმოთქმული ფრაზა: „ცოდნასა და ხელოვნებაში ბადალი არ მოეპოვება ჩემს მსახურსა და მხატვარს იანს.“  იან ვან-ეიკი მისი კარის მხატვარი იყო.

იან ვან-ეიკის ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვების შედეგად, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  იგი დიდი მონდომებით ცდილობდა ჩასულიყო ადამიანების სულიერ სამყაროს სიღრმეებში. ხელოვნებისადმი ამგვარი მიდგომა ახალი იყო ჩრდილოეთ ევროპის ფერწერაში.   ალბათ  ბოლომდე სუბიექტური არც არის  ჩემი მოსაზრება, რომ იან ვან-ეიკის მხატვრობის ყველაზე გამორჩეული ნიმუში „ცოლ-ქმარ ჯოვანი და ჯოვანა არნოლფინების პორტრეტია“.

arnolfini-portrait

ეს პორტრეტი ერთი შეხედვისთანავე  ჰბადებს საოცარი სიმყუდროვისა და სიმშვიდის შეგრძნებას, თუმცა დეტალებზე  უფრო მეტად დაკვირვების შედეგად, მნახველი სხვა მნიშვნელოვან „აღმოჩენებსაც“ წააწყდება. ნახატზე ყველაფერი გამორჩეული ჩვეულებრივობითაა გადმოცემული. თითოეულ საგანში გარკვეული აზრია ჩაქსოვილი, ჩვენს ყურადღებას იქცევს ქმრისა და ცოლის სერიოზული სახეები. მათი სახის მსგავსი გამომეტყველება, ვფიქრობ, იმითი აიხსნება, რომ ცოლ-ქმარი სერიოზულობითა და პასუხისმგელობის ღმრა შერძნებითა და გააზრებით აღიქვამს მომავალს, რომელიც მათ საერთო ოჯახთანაა დაკავშირებული.

ოთახში მყოფი ფინია ერთგულების სიმბოლოა, ფეხსაცმელები, სავარაუდოდ, ოჯახურ სიმყუდროვეზე მიუთითებს.  ამავეზე მეტყველებს  ოთახის კედელზე არსებულის სარკეც, რომელიც ნახატის ცენტრში მდებაროებს. ეს სარკე ვან-ეიკის ოსტატობისა და მისი სამინიატურო ფერწერის შედევრად მიიჩნევა.   კონკრეტული დატვირთვის მატარებელია ჯოვანას მწვანე კაბაც.  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ფერი გაზაფხულსა და სიყვარულთან ასოცირდება.

ვან ეიკების ხელოვნების სრულყოფილებამ დიდი გავლენა იქონია მეთხუთმეტე საუკუნის ნიდერლანდი ოსტატების ფერწერის შესაძლებლობებსა და მათ მიერ რეალური სამყაროს აღქმის უნარზეც. მათგან ყველაზე მეტად გამოირჩევიან: როგირ ვან დერ ვეიდენი, დირიკ ბოუტსი, ჰუგო ვან დერ გუსი. ეს უკანასკნელი ყველაზე უკეთ მიუახლოვდა იტალიურ აღორძინებას. მან  ჩემ მეირ ჩამოთვლილ დანარჩენ ორ მხატვართან ერთად ნიდერლანდის მეთხუთმეტე საუკუნის ხელოვნებას მსოფლიოს ასპარეზზე მოუხვეჭა სახელი. მათ იტალიაშიც კი იწვევდნენ. იტალიური აღორძინების წარმომადგენლებსა და ნიდერლანდური რენესანსის წარმომადგენლებს შორის ცალმხრივი დამოკიდებულება ამ დროიდან ორმხრივი გახდა.  ჩრდილოეთის მხატვრებს იტალიაშიც იწვევდნენ და  მათგან ფერწერულ ოსტატობას სწავლობდნენ.

ნიდერლანდური აღორძინების ხანა სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლებითაც გამოირჩევა, რომლებსაც, ძმები ვან ეიკების მსგავსად, ინდივიდუალური  დეტალები ახასიათებდათ. მათი ნამუშევრების გაცნობის შემდეგ მნახველს შეუძლია ერთი მნიშვნელოვანი საერთო დასკვნა გააკეთოს – ნიდერლანდური აღორძინების ხელოვნება გამოირჩევა საკუთარი უბრალოებით, ხოლო უბრალოება და ამ უბრალოების მიღმა არსებული საინტერესო მხარე ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია ხელოვნებაშიც, ისევე, როგორც  ცალკეულ პიროვნებაშიც.